კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების სოლიდარობის მაგალითი
ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა.
„ეროვნული გამოცდები ერთადერთი წარმატებული პროექტი იყო, და ის ერთი კაცის ახირებას და ისტერიკას ისე შეეწირა, რომ შედეგებზე არავის უფიქრია“ - განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე.
მისი თქმით, ცენტრის 60-მა თანამშრომელმა დატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური და ამით აჩვენა, რომ არაფრის ნაცვლად უსამართლობას არ შეეგუება.
„ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობა გადამდებია, და ღირსეული საქციელი - მაგალითი. ჩვენ ვნახავთ, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა ოქტომბრამდე გაიზრდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
განათლების რეფორმაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად „ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას და უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება“.
ივანიშვილის გეგმის თანახმად, ქუთაისში დაფუძნდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება და რომელსაც, მისი თქმით, ისეთივე მნიშვნელობა ექნება, როგორც გელათის აკადემიას აღმაშენებლის დროს.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად თითეულ სოფელში ექნება სკოლა და მოსწვალეებს მრავალი კილომეტრის გავლა აღარ დასჭირდებათ.
პედაგოგებთან მიმართებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი დაცული იქნებიან ფინანსურად და სოციალურად.

















