საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა
გამართა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ იმ პოზიტიურ დინამიკას გაუსვეს ხაზი, რომელიც, ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს.
ყურადღება დაეთმო მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

















