კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შენობებისა და
ფასადების რეაბილიტაცია მხოლოდ სატელივიზიო ჩართვების დეკორაციად სჭირდება.
როგორც ივანიშვილმა ქუთაისში აქციაზე განაცხადა, სააკაშვილმა თითქმის მთელი საქართველო ხარაჩოებში ჩასვა და ამ პროცესს რეაბილიტაცია დაარქვა.
თუმცა მისივე თქმით, ავარიული და გაუმართავი შენობების შეკეთება- შეღებვის პროცესი რეაბილიტაცია არ არის და უმეტეს შემთხვევაში ასეთი შენობები გახსნის შემდეგ ექსპუატაციისათვის გამოუსადეგარი, ან ხელახლა შესაკეთებელია.
„სამწუხაროდ, ქუთაისმა საკუთარ თავზე იწვნია რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ მშენებლობებს. ამ სურათის, ამ ფასადის შექმნა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ სჭირდება და მას ხშირად სატელევიზიო ჩართვების დეკორაციად იყენებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საკუთარ ახირებებს ჩვენი მოსახლეობის ფულით ისრულებს. ეს წყალში გადაყრილი და ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობის ფულია“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კიდევ უფრო დიდ თანხას იმ კრედიტებიდან ხარჯავს, რომლებიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოგვიყვეს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს თანხები მომავალში ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი იქნება.
„ეს ყველაფერი სააკაშვილს ილუზიის შესაქმნელად სჭირდება. თითქოს ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას და უტიფრად უტოლებს თავს დავით აღმაშენებელს. ეს უღირსობაა. ჩვენ ამ უღირსობას ღირსებას დავუპირისპირებთ“- აღნიშნა ივანიშვილმა დასძინა, რომ საქართველოში მცხოვრები თითეული მოქალაქის ღირსება ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რასაც ქართული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს. მისივე თქმით, კოალიცია სწორედ ასეთ სახელმწიფოს ააშენებს.

















