კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე თავის მხარდამჭერებს
ჯანდაცვის სექტორში გასატარებელი რეფორმების გეგმა გააცნო.
„სახელმწიფო თავის თავზე აიღებს თითეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულებას. ვისაც მატერიალური შესაძლებლობა ექნება, შეეძლება კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან უკეთესი მომსახურება მიიღოს, მაგრამ ვისაც ამის სახსრები არ აქვს, ის ბაზისური სადაზღვევო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, სპეციალისტებთან ერთად მან დეტალურად შეისწავლა ჯანდაცვის სფერო და ამის განცხადების საფუძველი გააჩნია.
„არ მიყვარს ტყუილი დაპირებები, რასაც დაპირდები კაცს, უნდა შეასრულო. დღემდე ასე ვიცხოვრე და ასე ვაპირებ მომავალშიც“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის ხელისუფლების მიერ გახსნილი ახალი საავადმყოფოები გარდა იმისა, რომ ტექნიკურად გაუმართავია, ფინანსურად მიუწვდომელია მოსახლეობისთვის.
„ჩვენ შევძლებთ და არჩევნებით შევცლით ამ ხელისუფლებას. ყველა დაპირებას შევასრულებთ. ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში აღარ იქნება პოლიტიკური დევნის შიში, ხოლო მედია საშუალებები „არა ტვინის გამორეცხვით“, არამედ კვალიფიციური ჟურნალისტიკის პრინციპებით იმუშავებენ.

















