კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან დღეს ქუთაისში გამართულ აქციაზე გააკეთა, ისევე როგორც 27 მაისს მთელი თბილისი, ასევე მთელი
ქუთაისი დღეს ფეხზე დგას.
ივანიშვილი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელის შეშლის არაერთი მცდელობისა, ხალხი მაინც შეიკრიბა, რაც უპირობო გამარჯვებას მოასწავებს.
„მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვარ და დიდებული იმერეთის წინაშე ვდგავარ. სასიხარულოა, რომ მთელი ქუთაისი ფეხზე დგას. რამდენს ეცადნენ, რომ წინ აღდგომოდნენ ჩვენ შეკრებას, რა არ გააკეთეს, ბაგა- ბაღის ბავშვების გამოყენებაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ვეღარავინ შეძლებს ჩვენ შეჩერებას. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიცია მალე მთელ ქვეყანას ფეხზე დააყენებს.
ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს მთელმა თბილისმა ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას და არა სიცრუეს. მისივე თქმით, დღეს ქუთაისიც იმავეს ამბობს.

















