ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციაზე სცენის ირგვლივ ტყვიაგაუმტარი მინების დამონტაჟებას ქართულ ოცნებაში
ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების მიზეზით ხსნიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არამარტო მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აუცილებელია ზომების მიღება, რათა მას რამე არ შეემთხვას.
„რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ისევე როგორც თბილისში, ქუთაისშიც ორგანიზებულად დაიმალა პატრული. ერთ მანქანასაც კი ვერ ნახავთ, ძალიან რომ გინდოდეთ“- აღნიშნა ძიძიგურმა.
ამ წუთებში ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავმოყრილ ხალხს ვანის, ზესტაფონის, ხონის, საჩხერის, ბაღდათის და სხვა რაიონების კოლონები შეუერთდა.

















