პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელი აქციის
ხელშესაშლელად ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა მცდელობას ექნება ადგილი.
„სირთულეების შექმნის მცდელობა იქნება, თუმცა ეს მცდელობა ვერ იქნება მასშტაბური და აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს “ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ მიზნები მოსაღებია, უფრო უმყარებს პოზიციას.
„უკანონო კანონიერების ნებისმიერი მცდელობა, იქნება ერთ-ერთი წარმატებული ნაწილი იმ PR კამპანიის, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხოლოდ ინატრებდა“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
ამასთანავე, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა რაოდენობა არ განაპირობებს მოსახლეობის მხარდაჭერასა და ერთგულებას, რადგან, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აღარ არის თანამოაზრეთა გუნდი და ის თანამზრახველთა ერთობად ჩამოყალიბდა.
„ის ნაწილი, რაც არის ერთგული ხშირად ძალადობრივი უფროა, ვიდრე ცნობიერებით განპირობებული“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის არსებობს იმ პოლიტიკური ძალის დამარცხების შიში, რომელსაც თავად წარმოადგენენ.

















