კოალიცია "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალ, იმერეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში ბენზინგასამართი სადგურები დაიხუროს.
საგანგებო განცხადება სანიკიძემ რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში გააკეთა.
,,დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით ქუთაისის აქციისთვის. ველოდებით მრავალ ათასმხარდამჭერს როგორც ქუთაისიდან, ისე იმერეთის თერთმეტივე რაიონიდან. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ შეიძლება რაიონებში დაიკეტოს ბენზინგასამართი სადურები“ - აღნიშნა სანიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ აქციის ჩატარებას ხელი არ შეეშლება.
მისი თქმით, ქუთაისში აქციაზე დასასწრებად კოალიციის მხარდამჭერები რაიონებიდან დილიდან დაიძვრებიან.
ამასთან, მან ქუთაისის საპატრულო პოლიციას ქალაქში წერსიგის დაცვისკენ მოუწოდა.
სანიკიძის განცხადებით, აქციას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან და მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ხვალ, ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანის 100 საფეხურიან კიბეებთან 18:00 საათზე დაიწყება.

















