პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, თბილისში 27 მაისს გამართულმა აქციამ თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ ქუთაისის გარეშე თბილისი ვერ გაძლიერდება.
„ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სახალხო ბრძოლაში ეს შეხვედრა 27 მაისის ტოლფასია, რადგან მაისში შეშინებული ხელისუფლება ქუთაისით ფიქრობს მის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებული პროცესის შეჩერებას. დღეს ქუთაისს, იმერეთს, დასავლეთს, „ნაციონალური“ ჭირისგან გათავისუფლების გზაზე მდგარი ერი, როგორც იმედის შეკრებას ისე შეჰყურებს“ - აცხადებს შაშიაშვილი.
მისივე თქმით, ამ შეკრების მნიშვნელობა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტმა უფრო გაზარდა.
შაშიაშვილის განმარტებით, 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ქართული ცნობიერების ხელისუფლება არ ჰყავს, ამიტომ, 10 ივნისის შეკრება ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია.

















