პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის შემდეგ, აქციას ხვალ ქუთაისში გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის უფროსმა ზაზა მეთაფლიშვილმა განუცხადა, აქციისთვის ხალხის მობილიზება 15:00 საათიდან დაიწყება მხარდამჭერები იმერეთის თერთმეტივე რაიონიდან დაიძვრებიან.
,,გააჩნია რაიონის სიშორეს. ტყიბული ყველაზე შორ მანძილზეა, ამიტომ მხარდამჭერებს 14-15:00 საათზე წამოვიყვანთ. ამას მოჰყვება საჩხერე, ჭიათურა და ასე შემდეგ. ხალხის მობილიზება ახლო რაიონებიდან, რა თქმა უნდა, უფრო გვიან მოხდება“ -აღნიშნა ზაზა მეთაფლიშვილმა.
ამასთან, კოალიციის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ აქცია, თბილისის მსგავსად, უპრეცედენტოდ ხალხმრავალი იქნება.
„ბიძინა ივანიშვილი მთელი იმერეთის მოსახლეობას შეხვდება. სააკაშვილს ჰგონია, რომ მას რეგიონების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ხვალ დავუმტკიცებთ, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო უჭერს მხარს. ხვალ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით“- განაცხადა მან.
ძიძიგური აქციის დროს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს, თუმცა, უცხოელი ჟურნალისტების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მსგავს ქმედებებს არ ელის.
,,ქართული ოცნების“ აქცია ქუთაისში 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან, ე. წ. ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.

















