საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, თუ რუსეთს სურვილი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობები
ჩამოყალიბდეს - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოახდინოს. ჟურნალისტებთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ქართველი და რუსი ხალხი ერთმანეთის მტრები არ არიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების რწმენაა რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო, სადაც საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს ქართველი ხალხი განსაზღვრავს.
"ამასთან რუსეთის ხელისუფლებას შეგუება არ სურს, ისევე როგორც არ სურდა შეგუება ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ნოე ჟორდანიას პერიოდში და კიდევ უფრო ადრე. თუ რუსეთს სურვილი აქვს, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები იყოს, მან საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოახდინოს, რათა ჩვენს მიწებზე აღარ იდგნენ რუსი ჯარისკაცები. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით მოგვარდება" – განაცხადა წიკლაურმა.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობა აღდგება. "იმედი მაქვს ჩვენი მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი მტერი კი არა მეგობარია" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

















