პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა ქუთაისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
საუბარია პროკურატურის მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერის ნინო ყურუას დაკითხვაზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თეა წულუკიანის განმარტებით, სამართალდამცავებმა ნინო ყურუას ე.წ. „აგენტ-პროვოკატორი“, ვინმე კახა კოღუაშვილი მიუგზავნეს, რომელიც ახალგაზრდის პროვოცირებას ცდილობდა. მოგვიანებით, კოღუაშვილის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი კი, ნინო ყურუას დაკითხვისას გამოიყენეს.
„ნინო ყურუას სახით საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდა თაობას დაუპირისპირდა“-განაცხადა პრესკონფერენციაზე წულუკიანმა.
მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერში ყურუა არსად იძლევა დაპირებას ამომრჩევლისადმი, რომ ე.წ. „ოცნების ბარათებში“ დაფიქსირებული მისი ესა თუ ის თხოვნა შესრულებული იქნება.
„ყურუა მხოლოდ ხსნის, თუ როგორ უნდა შეივსოს ფლაერი“-განაცხადა წულუკიანმა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

















