შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეოცე რაუნდი მიმდინარეობს,
რომელზეც საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
კაპანაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი დააყენა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებებზე მიწვეული იყო ორი საერთაშორისო ექსპერტი, რომლებმაც იმ პირობებზე ისაუბრეს, რომელთა დაკმაყოფილება ოკუპაციის საერთაშორისო აღიარებისთვის არის აუცილებელი.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ექსპერტებმა ძალიან ნათლად აჩვენეს, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია. თუ ამასთან დაკავშირებით ვინმეს კითხვები ჰქონდა, ამ პრეზენტაციების შემდეგ აღარ უნდა ჰქონდეს“-განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მნიშვნელოვან თემას უფლებების კონვენციის დამატებითი რეაგირების მექანიზმის საკითხი წარმოადგენდა. კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გალის უფლებების კონვენციის მექანიზმები შეწყვეტილია და აუცილებელია მისი ფუნქციონირება ევროკავშირის მონაწილეობით სრულად აღდგეს.
„ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება, მაგრამ იმედია, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ამ მექანიზმის ჩავარდნაზე რუსულ მხარეს დაეკისრება“-განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ მოსკოვი ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას დევნილების დაბრუნების კუთხით კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ წარადგინა დოკუმენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეისწავლიან.

















