„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მათ „ქრისტიან-დემოკრატების“ ბოლო დროინდელ საკონსტიტუციო ინიციატივებზეც ესაუბრა.
მოძრაობის ლიდერების თქმით, ნაძალადევის მოსახლეობას ძირითადად, უმუშევრობის, კომუნალური გადასახადებისა და ინფრასტრუქტურის საკითხები აწუხებთ.
„ადგილობრივებისთვის უმთავრეს პრობლემას სწორედ მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენს, ასევე, გაერთიანებული ქვითრები, რომელიც საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს ოჯახის ბიუჯეტს და პრობლემები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია, ჩვენი მოსახლეობის, თბილისელების დასაქმებასთან“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ ჯანდაცვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით, კონკრეტული პროგრამები აქვთ, რომლებიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

















