2012 წლის 8 ივნისის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა 50% ერთიან ბაზაში უკვე შეყვანილია.
როგორც დღეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ბაზის პარალელურ რეჟიმში დამუშავება.
მისი თქმით, „კარდაკარის“ საველე სამუშაოების 90% უკვე განხორციელებულია და სავარაუდოდ, ერთ კვირაში „კარდაკარის“ პროცესი მთლიანად დასრულდება. შემდეგ კი, ამ მონაცემების ერთიან ბაზაში შეყვანა გაგრძელდება.
მისი თქმით, ისეთი პრობლემური საკითხები, როგორებიცაა ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილები, საზღვარგარეთ გასულები, გაურკვეველი პიროვნებები და სხვა, ერთმანეთისგან განცალკევებულია.
„ვცდილობთ, ეს პრობლემა, რომელიც მუდმივად და ობიექტურად იყო ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში დასმული, გავანეიტრალოთ, გამოვასწოროთ, დავაზუსტოთ და ამით ერთის მხრივ შევქმნათ უკეთესი შედეგის მქონე ამომრჩეველთა სია და მეორეს მხრივ, საზოგადოებისადმი ნდობა პოზიტიურისკენ შევცვალოთ“ - განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, სიების გადამოწმება საზოგადოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული ინფორმაცია კი, მისივე თქმით, მეტად სანდოა და რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე არ არის დამოკიდებული.

















