პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას ინიციატივას მასშტაბური ამნისტიის შესახებ და განაცხადეს, რომ ამ აქტმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების უსაფრთხოებას.
ბაღათურიამ კომიტეტს დღეს პირველი მოსმენისთვის წარუდგინა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელსაც კენჭისყრის შედეგად მხოლოდ ერთი მხარდამჭერი - თავად პროექტის ავტორი ჰყავდა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ახალი ინიციატივა ითვალისწინებს არაძალადობრივი მუხლებით მსჯავრდებული პატიმრების, მათ შორის, იარაღის უკანონო შენახვისთვის, ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა სახის დანაშაულისთვის გასამართლებულთა ამნისტიას.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ამნისტია 49 მუხლით გასამართლებულ პატიმრებს შეეხებოდა.
ამასათან, ბაღათურიამ განაცხადა, რომ მზად არის კომპრომისზე წავიდეს და პროექტიდან ის მუხლები ამოიღოს, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულ ეჭვს იწვევდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ამნისტიის განხორციელებისას საზოგადოებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს და კრიმინოგენული ვითარება არ უნდა დაიძაბოს.
მისი თქმით, პატიმართა რაოდენობა მცირდება და დღეისთვის ქვეყანაში 23 561 პატიმარი იხდის სასჯელს.
„ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯი არ შეიძლება პოლიტიკური კეკლუცობის საფუძველზე გადაიდგას. არავის დასჯის მომხრე არ ვართ, მაგრამ, პირველ რიგში საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. ვერ დავუშვებთ ციხეებში თეთრი ბაირაღების გამოფენას“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
მისი აზრით, მსგავსი ამნისტიის მხარდაჭერა დაუსჯელობის სინდრომის წახალისების საფრთხეს შექმნის.

















