საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ფარსს უწოდებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ პუტინის
განცხადების არავის სჯერა, რადგან ის პოლიტიკური ფარსია.
"თუ პუტინს ქართველი ხალხი უყვარს და მასთან ურთიერთობა უნდა არ უნდა მოეწყო ის სამხედო კონფლიქტი რაც 2008 წელს განახორციელა. მეორეც თუ ქართველი ხალხის მიმართ ასეთი დიდი პატივისცემა აქვს, კეთილი უნდა ინებოს და საქართველოს მთავრობა და ქართული სახლემწიფო უნდა აღიაროს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თანასწორი პარტნიორი და არა ისე როგორც მას სურს, რომ საქართველო დიდი რუსეთის შემადგენლობაში – ერთი პატარა რეგიონი იყოს" – განაცხადა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით პუტინი და მედვედევი ამ ტაქტიკას ხშირად მიმართავენ რაც იმას ემსახურება, რომ "დაყავი და იბატონეს პრინციპით" საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა მოახდინონ.
ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთში კიდევ ბევრ სქემაზე და გეგმაზე ფიქრობენ თუ როგორ შეცვალონ საქართველოს შიგნით პოლიტიკური სიტუაცია, "მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხი თვითონ წყვეტს ვინ იქნება მთავრობაში".
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამდა რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობა აღდგება. "იმედი მაქვს, ჩვენი მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი მტერი კი არა მეგობარია" - განაცხადა პუტინმა.

















