კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ფონდ „ქართუ“-სა და ასოციაცია „ატუ“-სგან ფინანსური ანგარიშგება გამოითხოვა.
როგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონტროლის პალატამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34/1 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფონდ ,,ქართუ“-სა და ასოციაცია ,,ატუ“-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენის მოთხოვნით წერილობით მიმართა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული მიმართვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26/1-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს ეფუძნება.
განცხადებით ირკვევა, რომ ფონდი „ქართუ“ წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას.
„ამავდროულად, ფონდის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია ,,ატუ“-ს შემთხვევაში, შპს ,,ბურჯთან“ და შპს ,,ელიტა ბურჯთან“ მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი დგინდება, რომლებიც ასევე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული სუბიექტებისგან ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა მონიტორინგის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევისკენაა მიმართული.
განცხადების თანახმად, ანგარიშგების გამოთხოვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღებას ემსახურება, რათა აღნიშნული სუბიექტების ფინანსური საქმიანობების ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გონივრული რწმუნება მიიღონ.

















