სამართალდამცავების მიერ „ქართული ოცნების“ აქტივისტების - მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელისა და გრიგოლ ამბროლაძის დაკავების ფაქტი სააკაშვილის „რეჟიმის დიქტატურისა და ფაშიზმის გამოვლინებაა“.
ეს განცხადება „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ პირთა დასაკავებლად მან სამართალდარღვევის ვერც ერთი ფაქტი ვერ აღმოაჩინა, მიზეზი ერთი ინტერვიუ იყო და ამდენად, მისივე თქმით, ეს ხდება ხელისუფლების მიერ ამოქმედებული ახალი ფაშისტური კანონის საფუძველზე, რომელიც საარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება.
„ხელისუფლებას ამ ადამიანების დაკავება იმისთვის დასჭირდა, რომ სხვებს დაანახოს და, რომ ყველას უმკაცრესი მეთოდებით გაუსწორდება, ვინც მათ საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯიშკარიანმა.
მან პროკურატურას მისი საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ჯიშკარიანმა „ნიუსპრესთან“ საუბარში კომენტარი გააკეთა განცხადებაზე, თითქოს, დაკავებულები „მოგზავნილები“ იყვნენ და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დირექტივებს ასრულებდნენ.
„არავის აქვს უფლება ეს ადამიანები ასე მოიხსენიონ. მათ პირველებმა ამოიღეს ხმა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ ისინი აქტიურობდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბუტა რობაქიძის სიკვდილით დასრულებული ფაქტების დროს“ - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება ამ ადამიანებზე ასეთი განცხადებების გაკეთება, რადგან, მისივე თქმით, ეს უსამართლობაა და სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

















