პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან გრძელდება ამომრჩევლის მოსყიდვის,
უკანონო შემოწირულობებისა და თვალთმაქცური გარიგებების მცელობები, რასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, კანონის თანახმად, უკანონო შემოწირულობად ითვლება იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისათვის განხორციელებული შემოწირულობა.
ამასთანავე, კანონდარღვევად ითვლება ფიზიკური პირის მიერ, კანონით გათვალისწინებული შემოწირულობის ოდენობაზე მეტი თანხის გადარიცხვა. კანონით კი - შემოწირულობის ზღვარი 60 ათასი ლარზეა დადგენილი.
კუბლაშვილის თქმით, ასევე კანონდარღვევაა თვალთმაქცური გარიგება.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, შესაბამისი უწყება განმარტავს, კანონდარღვევის რომელ შემთხვევას აქვს ამჯერად ადგილი.
„ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს. ჩვენი ოპონენტები მოსყიდვის მცდელობებს, უკანონო შემოწირულობებს და თვალთმაქცურ გარიგებებს აგრძელებენ“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თბილისის საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს.
კონტროლის პალატის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ივანიშვილს კომპანიების „ბურჯის“ და ,,ელიტა ბურჯის“ მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები დასტურდება.

















