პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პროტესტის ნიშნად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა, რადგან მისმა ინიციატივამ – პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის შესახებ, სხდომაზე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
ბაღათურიამ კომიტეტს წარუდგინა 2010 წელს ინიცირებული კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდას ეხება. ამასთან, დეპუტატის ინიციატივით, 2013 წლიდან ასაკით პენსიონერებს ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი უნდა დაემატოს.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, უკვე სექტემბრიდან 631 ათასი ასაკით პენსიონერი საარსებო მინიმუმთან გათანაბრებულ პენსიას მიიღებს, რაც, მისი თქმით, დღეისთვის 168 ლარია.
რაც შეეხება სოციალური ბენეფიტების მიმღებ სხვა კატეგორიას, როგორიცაა ინვალიდები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები, ბაღათურიას განცხადებით, მათთვის შემწეობის გაზრდის შესახებ ახალ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ აღნიშნა, წარდგენილი კანონპროექტი მოძველებულია, რადგან ის 2010 წლის გათვლებით არის შემუშავებული.
„კანონპროექტი გადასაწერია, ხარჯები გასაწერია, პენსიონერთა რაოდენობაც შეცვლილია, ამასთან, პენსია შინაარსობრივად უკვე შეიცვალა, რაც პროექტში ასახული არ არის“ - განაცხადა მან და დეპუტატს მიუთითა, ასევე, დეტალურად გაწეროს ბიუჯეტის ხარჯების რა ნაწილი უნდა შემცირდეს საჭირო 600 მილიონის მობილიზებისთვის.
მისი თქმით, ის არგუმენტირებულ და დასაბუთებულ ინიციატივას მხარს ყოველთვის დაუჭერს, თუმცა, დღეისთვის სახელმწიფოს არ გააჩნია პენსიის საარსებო მინიმუმადე გასაზრდელად საჭირო სახსრები.
მოადგილეს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე მიეშველა და განაცხადა, რომ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, მთავრობამ უკვე დაიწუნა და ამ სახით მისი მხარდაჭერა შეუძლებელია. ამასთან, მანვე დააზუსტა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, საარსებო მინიმუმი 150 ლარია.
„საპენსიო ხაჯების ზრდა ბიუჯეტის იმ მუხლებიდანაა შესაძლებელი, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის გასართობ ხარჯებს ეხება“ - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს საარსებო კალათის კომპონენტების - კომუნალური გადასახადებისა და პროდუქტის ფასების მუდმივი ზრდის გამო ვერ უახლოვდება.
სხდომას ბაღათურიას მიერ მოწვეული პენსიონერები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დღეისთვის არსებული პენსიის ოდენობა შეურაცხმყოფელია.

















