პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ქუთაისში, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავების ფაქტს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორების მაგალითად აფასებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია ხელისუფლებიდან მართული სასამართლოს მიერ გამოტანილ უსამართლო განაჩენს გმობს და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.
განცხადების თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობა“ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს, აქტიურად ჩაერთონ მსგავსი მოვლენების მონიტორინგში და სამართლიანი გამოძიება მოითხოვონ.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმის აუცილებლობას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო გაძლიერებულ ტერორსა და ზეწოლას, რეალურმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანი ძალისხმევა უნდა დაუპირისპიროს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს - გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულებს ამომრჩევლის მოსყიდვა ედებათ ბრალად. გამოძიების მასალების მიხედვით, ისინი 5 ივნისს, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1 000 ლარის ფარგლებში ფულის, ან სხვა ქონების გადაცემას.

















