ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღეს.
აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა
დოკუმენტი გუშინ დაამტკიცა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენელთა პალატა შეერთებული შტატების საქართველოსთან გაძლიერებულ ურთიერთობას უჭერს მხარს. დოკუმენტის მიზანი საქართველოსთვის დახმარება, უსაფრთხოების გაზრდა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
რეზოლუციაში ამერიკელი კონგრესმენები რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ. ისინი ღიად მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას იძულებით გადაადგილებულ პირებს სრული, ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალება მისცეს. ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიები დაუშვას.
რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაა მხარდაჭერილი. დოკუმენტში ასევე, მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეცაა საუბარი.

















