არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორი გოგი ხუციშვილი “Freedom House”-ის ანგარიშს, რომელშიც
საქართველოს „ჰიბრიდული რეჟიმის“ რიგებშია დასახელებული, რეალურს უწოდებს.
როგორც ხუციშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ანგარიშის გამოქვეყნების დროს კვლევის ავტორები რამდენიმე პარამეტრს ითვალისწინებენ.
მისი თქმით, რეიტინგი დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების და სხვა პარამეტრების მიხედვით დგინდება, შესაბამისად, აღნიშნული პარამეტრების მიხედვით საქართველო არა თავისუფალ, არამედ, ნახევრადთავისუფალი ქვეყნების რიცხვში შედის.
მისი თქმით, ანგარიში რეალურია, რადგან საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება არ არსებობს.
„ანგარიშის მაჩვენებელი შეიძლება მანიპულაციის საგანი გახდეს, რადგან შესაძლოა, რომელიმე პარამეტრი სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ ისე აჩვენოს მსოფლიოს, რომ ამან დადებითი როლი ითამაშოს, როდესაც სინამდვილეში სიტუაცია უარესია“- განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ანგარიშში ასევე, შესაძლოა ცდომილებაც იყოს, რადგან კვლევის ავტორები ქვეყანაში სიტუაციას სიღრმისეულად არ იცნობენ.
“Freedom House”-ის დასკვნა 2011 წლის მაჩვენებელს მოიცავს. დოკუმენტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 29 ქვეყანაში იმ ტენდენციებს აერთიანებს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
სახელმწიფოები კვლევის ავტორების მიერ 7 ქულიანი შკალით შეფასდნენ, სადაც 1 ქულა არის საუკეთესო მაჩვენებელი და ამ ქულის მფლობელი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულად ითვლება, ხოლო 7 ქულის მფლობელი – ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოდ.
ანგარიშის ავტორებმა საქართველოში დემოკრატიის დონე 4,82 ქულით შეაფასეს. საარჩევნო სისტემა – 5 ქულით; სამოქალაქო საზოგადოება – 3,75; თავისუფალი მედია – 4,25 ქულით; ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა – 5,75 ქულით შეფასდა; ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა – 5,50; სასამართლო დამოუკიდებლობა – 5 ქულა; კორუფცია – 4,50 ქულა.
სრული დემოკრატიის ქვეყნების სიას 1,89 ქულით სლოვენია უდგას სათავეში. ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში 3,14 ქულით ბულგარეთი ლიდერობს, ხოლო „ჰიბრიდული“ რეჟიმის ქვეყნებს შორის 4,14 ქულით პირველ ადგილზე ალბანეთი, მეორეზე ბოსნია და ჰერცოგოვინაა – 4,36 ქულით; უკრაინა და საქართველო კი - 4,82 ქულით შეფასდნენ.

















