პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ხანგრძლივი კარიერა უწინასწარმეტყველა.
როგორც პრეზიდენტმა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, ადამიანები ძველდებიან, რეფორმებს კი - მუდმივი განახლება და წინსვლა სჭირდება.
„შესაძლოა, ადამიანს რაღაც პერიოდში სწორი ხედვა აქვს, მაგრამ ყველა ძველდება. მეც ვძველდები, შაშკინიც დაძველდება, ოღონდ მალე არა, ჩემზე უფრო დიდხანს გაძლებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის საქმიანობა.
„ხატიამ ენერგიულად დაიწყო. მან პოლიციის აკადემია ნულიდან შექმნა. პირდაპირ მინდა გითხრათ - ის არ არის პოლიციელი, ის ძალიან კარგი მენეჯერი და ძალიან განათლებული ადამიანია, რომელსაც ახლებური ხედვა აქვს“ - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე, ხაზი გაუსვა, რომ დეკანოიძე ყოველთვის თანამედროვე იქნება და არასოდეს დაძველდება.
პრეზიდენტმა წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოში დამზადებული ლეპტოპები გადასცა.

















