საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე საქართველოსა და
შეერთებული შტატების ურთიერთობები შეაფასა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის გამო, მას ბევრი აკრიტიკებდა.
„ლუჟკოვი რომ დადიოდა ასლანთან და კრემლიდან რომ ცხელ-ცხელი ამბები ჩამოჰქონდა, დიდი ამბავი იყო იმათთვის ვისთვისაც ახლა კლინტონის ჩამოსვლა ბათუმსა და ქედაში უკვე არაფერია“ - განმარტა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტის გარდა, მისი ოპონენტებისთვის ყველაზე დიდი სამიზნე იუსტიციის სახლებია, ასევე ძალიან აღიზიანებთ შუშის ხიდი.
მისივე თქმით, კლინტონმა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის სხდომის შემდეგ, ამერიკულ დელეგაციას იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო სამსახურები საქართველოსთან შედარებით არაფერია.
„ამ ფაქტს ვადასტურებ. ამერიკულ სახელმწიფო სამსახურებთან შეხება მქონია და ისინი ჩვენს იუსტიციის სახლებთან ახლოს ვერ მოვლენ“ – დასძინა სააკაშვილმა.

















