პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ შპს „სტერეო პლუსი“ სცდება ლიცენზიით მინიჭებულ უფლებებს, რასაც
რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.
„ტელეკომპანია „მე-9 არხს“ რაც შეეხება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც „სტერეო პლუსი“ ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებს სცდება. ზილფიმიანი ცდილობს კანონს გვერდი აუაროს და ლიცენზიის თავისი პირობები მოიგონოს“ – განაცხადა კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ სიხშირეზე მანამდე სხვა ტელეარხების ტრანსლაცია არ ხორციელდებოდა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო პლუსი“ „მეცხრე არხის“ საეთერო სიხშირის გავრცელებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, „სტერეო პლუსმა“ "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო პლუსის"-ის სიგნალი მთლიანად გამოირთვება.

















