კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის
დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამსახურმა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად ცნო, პოლიტიკური განცხადების კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევს. ამის შესახებ კბილაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში აღწერილი სურათი სინამდვილეს რომც შეესაბამებოდეს, იურიდიული თვალსაზრისით პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს მაინც არ ეკისრება.
„განცხადებაში წერია, რომ რომელიღაც სამმა კომპანიამ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს უკანონო მომსახურება გაუწია. ეს ყველაფერი სინამდვილეს რომც შეესაბამებოდეს, პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, იმ კომპანიებს ეკისრებათ, რომლებმაც ეს მომსახურება განახორციელეს და მეორე მხრივ, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს, რომელთაც მომსახურება შეღავათით მიიღეს“ - განმარტა კბილაშვილმა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერობა ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ პასუხისმგებლობას არ განსაზღვრავს.
„სამართალდარღვევა არა ასოციაციური აზროვნებიდან, არამედ კონკრეტული ფაქტებიდან და მტკიცებულებებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და არა ის, რომ ეს კომპანიები ამ კოალიციასთან ლოგიკურად არიან ასოცირებულები“ - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ კონტროლის პალატის განცხადება სწორედ ასოცირებულ აზროვნებაზეა დამყარებული და პოლიტიკური საფუძველი აქვს.
რაც შეეხება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლებისთვის სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, კბილაშვილმა განმარტა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ კომპანიას, რომელიც მოსახლეობას სატელიტურ ანტენებს აწვდის, თავისი ბიზნესინტერესი აქვს. ის
თითოეულ ოჯახთან ნასყიდობის ხელშეკრულებას აფორმებს და ოჯახი ანტენის საფასურს განვადებით იხდის“ - აღნიშნა კბილაშვილმა.
კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და მასალები სასამართლოს გადაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით განცხადება მონიტორინგის სამსახურმა დღეს გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომ მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების - “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხს სწავლობდა. კერძოდ, საუბარია ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესში მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს ადასტურებს.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი განისაზღვრა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები შეადგინა და მასალები სასამართლოს გადაუგზავნა.

















