კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლის სტატუსით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მთაწმინდის ოლქში ექნება.
ამას ითვალისწინებს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროზე დღეს წარადგინეს.
პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია პირველ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლად დაარეგისტრიროს საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები.
პირველი საარჩევნო ოლქი საარჩევნო საზღვრების მიხედვით მთაწმინდის რაიონში მდებარეობს.
კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაიბადა და ბოლო ხუთი წელი ცხოვრობს საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა.

















