პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ საქალაქო ტრანსპორტში რადიოტრანსლაციის შეზღუდვა არ არღვევს
ადამიანის უფლებებს და არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
თორდიას განცხადებით, ევროპის ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიოს ფუნქციონირება აკრძალულია და მის ნაცვლად სარეკლამო რგოლების ტრანსლაცია ხდება.
„ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ალოგიკურია და საჭირო არ არის რადგან ნებისმიერ მგზავრს სხვა ტექნიკური საშუალებით შეუძლია ტრანსპორტში მოისმინოს სასურველი რადიო“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, რადიომაუწყებლობა სამარშრუტო ტაქსებში აიკრძალა იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიასა და სარეკლამო კომპანიას შორის არის გაფორმებული.
საქალაქო ტრანსპორტის ნაწილში მეორე დღეა რადიომაუწყებლობა შეწყვეტილია და ასევე, მგზავრები აცხადებენ, რომ რადიოტალღებს ტრანსპორტში პირადი მობილური ტელეფონითაც ვეღარ იჭერენ.

















