საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების გაგრძელებისთვის არჩევნების მშვიდ, ორგანიზებულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნები საქართველოსა და მისი მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„გვსურს, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდეს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, არსებობდეს იმის აღქმა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, ქვეყანაში ამის პოლიტიკური ნება ნამდვილად არსებობს.
„საერთაშორისო დამკვირვებლების აქ ყოფნა იმის გარანტია, რომ ვინც საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერსების გამო, არჩევნების დემოკრატიულობას და ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს, არცერთ ასეთ პოლიტიკურ ძალას არჩევნებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს“ - განმარტა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მისი სურვილია, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ინდიკატორი იქნება იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ დემოკრატიის გზაზე მიაღწია. სახელმწიფო მდივნის თქმით, არჩევნებზე ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

















