კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მოქალაქეებისთვის დარიგებული ბუკლეტების გამო გამოძიების დაწყებას აბსურდულს უწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ლიდრებმა არაერთხელ გააკეთეს განმარტებები აღნიშნულ ბუკლეტებთან დაკავშირებით, შესაბამისად, არაოფიციალური პირების განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება არასამართლებრივია.
„შეუძლებელია, ქვეყანას ჰყავდეს სახელმწიფო დაწესებულება, რომელმაც იცის „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია და ამის მუხედავად, 2 ან 3 ახალგაზრდის განცხადების გამო, კონტროლის პალატა ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ეს პირდაპირი დადასტურებაა იმ „საბავშვო ბაღის“, რომელიც საქართველოში სუფევს“- განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტისგან მიღებული ბრძანებით, კონტროლის პალატა იმდენად „დემონიზებულია“, რომ 3 ახალგაზრდის განცხადების საფუძველზე პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
„სამწუხაროა, რომ ამ თემებზე გვიწევს საზოგადოების შეწუხება, მაგრამ კონტროლის პალატამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ეს იყო მიზანმიმართული, მათი აზრით კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“ - აღნიშნა ხიდაშელმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ბუკლეტების დარიგებასთან დაკავშირებით გუშინ სატელევიზიო სიუჟეტი გავიდა, სადაც, კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე პირი დაზეპირებულად იმეორებდა, რომ თითქოს, კოალიცია ხალხს 1000 ლარის ღირებულების ტექნიკის ყიდვას ჰპირდებოდა.
ბუკლეტები კოალიციამ 27 მაისის აქციის წინაპერიოდში და აქციაზე დაარიგა. მოქალაქეს შეეძლო ბუკლეტში თავისი ოცნება ჩაეწერა, შემდეგ მას კოალიციის წარმომადგენლები სპეციალურ ჩანთებში აგროვებდნენ.
კონტროლის პალატამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდებოდეს და პროკურატურას ამით დაინტერსებისა და რეაგირებისკენ მოუწოდა. ამ მიმართულებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარმა სამმართველომ უკვე დაიწყო.

















