ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ“ ხვალ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსწავლეები და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მათი მოსაზრებების გათვალისწინებაა.
კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გარემოს დაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბავშვთა ფორუმი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერაა ორგანიზებული.
კონფერენცია „ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ“ წელს უკვე მესამედ იმართება.

















