ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში განხორციელებული რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბარამიძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ასევე, უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყებასა და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე გაამხვილა ყურადღება.
ბარამიძემ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტერიალის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისართ შტეფან ფულეს და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის 2012-2013 წლების გეგმები და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი განიხილეს.
მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან ვალერი ხოროშკოვსკისთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველო-უკრაინის, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-უკრაინის კოორდინირებული მოქმედების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

















