ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოელი ინვესტორების პრობლემებით დაინტერესდა და მათი განხილვის მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიური კორპუსის ეკონომიკურ ატაშეებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაც ესწრებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პერტაიამ განაცხადა, უცხოელი ინვესტორებისთვის პრობლემას ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად უმაღლესმა სასწავლებლებმა ბიზნესთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ და ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, სასწავლებელში შესაბამისი კურსები დანერგონ.
„ ზოგიერთი უცხოელი ბიზნესმენი ქვეყანაში შესაბამისი კადრების, მაგალითად, ინჟინრების არარსებობას უჩივის. ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში ცალსახა პოზიცია გვაქვს - უნივერსიტეტებმა ბიზნესთან ურთიერთობა უნდა გაააქტიურონ“-განაცხადა მან.
პერტაიას განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებაც მოისმინეს ანგარიში. ისინი აპარატის ერთი წლის მუშაობის შედეგებს გაეცნენ.
„შეხვედრაზე შევჯერდით, რომ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც 2011 წლის დასაწყისში არსებობდა, დღეს აღარ არსებობს.”- განმარტა პერტაიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას თქმით, დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ინვესტორში მეტი დაცულობის განცდას განაპირობებს.

















