პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის
მიერ ბათუმში გაკეთებული განცხადებებიდან რამდენიმე გზავნილს გამოყოფს.
როგორც ცისკარიშვილმა „ნიუპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მათ შორის უმთავრესი ქართული დემოკრატიის მდგომარეობით ამერიკელი სტუმრის შეშფოთება იყო.
მისი თქმით, საპასუხო სადღეგრძელოშიც, რომელიც ჰილარი კლინტონმა ვახშამზე წარმოთქვა, სწორედ იმის სურვილი იყო გამოხატული, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და დემოკრატია ამ ღირსეული ქვეყნის შესაფერისი ყოფილიყო.
„სულ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ სარკოზისთვის იმის თქმა, რომ ქვეყანაში დემოკრატია უნდა განვითარდეს და ახალი ხელისუფლების მოსვლა გამჭვირვალე არჩევნების გზით უნდა მოხდეს, არავის გაუბედია. ჩვენ კი, ნებისმიერი სტუმარი, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორები, სრულიად დაუფარავად მიგვანიშნებენ იმას, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული ვითარება თუნდაც ქარველი ხალხის მეგობრებისთვის, მიუღებელია“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება კლინტონის განცხადებას, 2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიის გზით გადაცემასთან დაკავშირებით, ცისკარიშვილის თქმით, მასში იმის მოლოდინი იგულისხმება, რომ საქართველოს პრეზიდენტს მაღალი თანამდებობების დაკავების სურვილი და შესაძლებლობა არ ექნება.
„რეალურად ნიშნავს, თუ არა ეს ხელისუფლების სათავეში პოლიტიკური ძალის ცვლილებას - ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ცვლილება გარდაუვალი იქნება. ავტორიტარული მართვის პირობებში პოლიტიკური არენიდან პირველი პირის გასვლა, დიდი ალბათობით, სწორედ მისი ძირითადი საყრდენის ან ოპოზიციაში გადასვლას ან პოლიტიკურ აქტივობასთან საერთოდ დამშვიდობებას იწვევს“- აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე განმარტებით, ჰილარი კლინტონის განცხადებებიდან, ამავე დროს ყურადსაღებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის ნეიტრალური დოკუმენტების მიღების შეთავაზება.
„მართალია, მოსკოვის ინსტრუქცია იგივე იქნება, რაც ეუთოს ან ქართული ხელისუფლების შეთავაზების დროს იყო, რომ არავითარი ნეიტრალური პასპორტი არ უნდა არსებობდეს. ეს ამ ტერიტორიების არაღიარებას ნიშნავს, თუმცა, შიდა დისკუსიები აფხაზურ საზოგადოებაში ნამდვილად იქნება“- განაცხადა ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა, ცისკარიშვილის განმარტებით, დასამახსოვრებელი ჟესტია და ზოგიერთისთვის თუნდაც, „გულისგასახეთქი“ - საქართველოსთვის ორი საზღვაო კატარღის გადაცემა.
პოლიტოლოგის თქმით, სახელმწიფო მდივანს პომპეზური დახვედრა მოუწყვეს და მას პრეზიდენტმა სანაქებოდ უმასპინძლა.
მისივე განცხადებით, ის მოხარული იქნებოდა, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი მდგომარეობა იყოს, თუმცა, რეალობა სხვაგვარია და მხოლოდ გამორჩეულ დღეებში ნანახი და მოსმენილი დანარჩენ 365 დღეზე არ ვრცელდება.

















