კონფლიქტოლოგი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზი და ოსი ხალხისთვის
ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტების შემოღების პროექტი არ იმუშავებს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
ექსპერტის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შემოღება, რომელზეც განცხადება გუშინ ბათუმში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა, ეს დადებითი ფაქტია, თუმცა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგებას ვერ უზრუნველყოფს.
„კარგია, რომ აშშ-მ დააფიქსირა, რომ ის საქართველოს პროექტით შემუშავებულ ნეიტრალურ დოკუმენტს აღიარებს, მაგრამ ეს არ იმუშავებს.
ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ვერც ამერიკის დადებითი კონტექსტი წარმართავს და ვერც რუსეთის უარყოფითი კონტექსტი შეაფერხებს, თუ თვითონ ეს ურთიერთობები არ დაფუძნდა“-აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამერიკას ურთერთობების აღდგენაში მხოლოდ დახმარება შეუძლია, თუმცა, ამისთვის ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტები უნდა დაამყაროს. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ოსებს და აფხაზებს უარყოფს და არ ელაპარაკება.
„ეს ქორწინებასავითაა, თუ ახალგაზრდები დაქორწინებას არ გადაწყვეტენ, მშობლები ვერ დაეხმარებიან“-აღნიშნა მან.
ჰილარი კლინტონმა გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, აფხაზი და ოსი ხალხისთვის აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს მიიღებენ. კლინტონის თქმით, ამ დოკუმენტით მათ აშშ-ში სწავლის ან მოგზაურობის საშუალება ექნებათ.

















