კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი
კლინტონთან ფორმატის შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხერხდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ივანიშვილმა კლინტონტთან შეხვედრის სურვილი ოფიციალური ფორმით დააფიქსირა, მიწვევა კოალიციის მისამართით აშშ-ს საელჩოს მხრიდანაც იყო.
,,იყო იმის მოლოდინიც, რომ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, მაგრამ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ფორმატთან დაკავშირებით. ეს იყო ფორმატი კოალიცია პლუს სხვა პარტიები და ვერ მოხდა შეთანხმება“-აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ ამას რაიმე პრობლემა არ მოჰყოლია.
წულუკიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საელჩომ კოალიციას შეხვედრის ფორმატი აცნობა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო არა თვითონ, არამედ კოალიცის სამი წარმომადგენელი წასულიყო შეხვედრაზე. შეხვედრაზე დამსწრები პირების შესახებ გადაწყვეტილება კი ერთობლივად იქნა მიღებული.
„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში, ადრე თუ გვიან, შესაძლებელი გახდება ბიძინა ივანიშვილის ჰილარი კლინტონთან თუ სხვა ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრა“-აღნიშნა წულუკიანმა.

















