პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგნელი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის
ჰილარი კლინტონის ვიზიტის მთავარი გზავნილი - ამომრჩევლის ინფორმირების აუცილებლობა იყო.
წულუკიანი ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, გუშინ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.
მისი შეფასებით, კლინტონმა რამდენიმე საკითხი დააფიქსირა, მათ შორის მთავარია არჩევნების დამოუკიდებელ გარემოში ჩატარება და მოსახლეობისთვის არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდა მედიის თავისუფლების აუცილებლობის კუთხითაც.
„კლინტონმა აღნიშნა, რომ მთავარია მოსახლეობამ იცოდეს ვინ რისი მომხრეა პოლიტიკაში, ვინ რას ჰპირდება ხალხს და ვინ შეასრულა დაპირებები. სწორედ ამ პირობებში უნდა გააკეთოს მოსახლეობამ არჩევანი“-აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჰილარი კლინტონს კოალიციის წევრებმა შეხვედრაზე კონტროლის პალატის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე უამბეს და აღნიშნეს, რომ კონტროლის პალატის ქმედებები იყო პოლიტიკური და არა სამართლებრივი საყვედური. ასევე, საუბარი შეეხო კომპანია „მენეჯმენტ სერვისთან“ დაკავშირებულ თემებს და აღინიშნა, რომ კონტროლის პალატამ ის პირები დაჰკითხა, რომლებმაც კომპანიას საოფისე ფართები მიაქირავეს.
„ეს იყო უპირველესი ჩვენი საზრუნავი, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და იმაზე, რომ ამომრჩეველს არ ეძლევა საშუალება თავისუფლად ისუნთქოს თუ ის „ ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“-აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კოალიციის მეორე მესიჯი ჰილარი კლინტონისთვის ეხებოდა მედიას და იმას, რომ რეგიონებში მოსახლეობას, განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება არ აქვს.
წულუკიანის განცხადებით, კოალიციამ ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიციის ქმედებებზე, საარჩევნო სიებსა და „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში განხორციელებულ სამუშაოებზე.
მისი განმარტებით, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ჰილარი კლინტონისა და კოალიციის წევრებს შორის იდეების სრული თანხვედრა იყო.

















