უახლოეს მომავალში აფხაზი და ოსი ხალხისთვის აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს მიიღებენ.
ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც კლინტონმა აღნიშნა, ამ დოკუმენტით მათ აშშ-ში სწავლის ან მოგზაურობის საშუალება ექნებათ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხი თუ როგორ შეუძლია საქართველომ ხელი გაუწოდოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებ ხალხს.
„მსგავსი ტიპის დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება ამ რეგიონებში ნებისმიერი რეზიდენტისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ის აშშ-ში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ გამოიყენონ“ - განაცხადა კლინტონმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ყოველივე იმ შერიგების დასაწყისი იქნება, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი დარეგულირების რეზოლუციას.

















