ამერიკა მოუთმენლად ელოდება 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რათა შემდეგ, 2013 წელს,
ძალაუფლების გადაცემის პროცესი დემოკრატიულად წარიმართოს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კლინტონმა აღნიშნა, ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით იდგება, როდესაც ისინი საკუთარი უფლებების განსამტკიცებლად ნაბიჯებს გადადგამენ.
კლინტონის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაღრმავებაში მათ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
„აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალქო აქტიურობა, ღია დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო და საინფორმაციო უზრუნველყოფა. ამ ყველაფერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს“-აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
როგორც მან განაცხადა, ყველა პარტიამ და კანდიდატმა პოლიტიკურ პროცესს პატივი უნდა სცეს.
კლინტონმა, აქვე განმარტა, რომ აშშ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ კანდიდატთან ინტენსიურად ითანამშრომლებს.

















