პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი აცხადებს, რომ მას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ხელფასის შეწყვეტით დაემუქრა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, როგორც ამბაკო ავალიანი თავის განცხადებაში ყვება, მან ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე თავიდან უარი განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით მაინც დათანხმდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ვარძელაშვილს აუხსნა, რომ ის ნაკრებიდან არ წასულა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით უბრალოდ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
მისი განცხადებით, ის 3 ივნისს მინისტრთან შესახვედრად მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ვარძელაშვილის მხრიდან მუქარანარევი სიტყვები მოისმინა.
მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილი დაემუქრა, რომ ხელფასს შეუწყვეტდა, თუ „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებდა.
„მან მითხრა ან სპორტი აირჩიე ან პოლიტიკაო. კიდევ გავუმეორე, რომ არანაირ პოლიტიკაში არ ვერეოდი. ამაზე მითხრა, რომ ხელფასს მომიხსნიდა და ნაკრებს აღარ გამაკარებდა. მერე შელაპარაკება მოხდა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც“ - აცხადებს ავალიანი.
მისი თქმით, პრობლემები ბიძინა ივანიშვილთან ძიუდოისტთა ნაკრების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.
„შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჩემს ტელეფონზე ზარები, შეხვედრები. ხან ვინ მომიგზავნეს და ხან ვინ, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი, ნაკრებში დაბრუნდიო, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ნაკრებიდან არც წავსულვარ“ - განმარტა ავალიანმა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამბაკო ავალიანი ლადო ვარძელაშვილს მოკრივე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას თავად უდესიანიც ესწრებოდა.

















