საქართველოს მთავარი პროკურატურა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დანაშაულის პრევენციის პროექტების შექმნაზე კონკურსს აცხადებს.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე იდეების წინასწარი შერჩევა, საინტერესო და აქტუალური ღონისძიების გამოვლენა მოხდება.
გამარჯვებული წინადადებების ავტორებმა დასრულებული პროექტები უნდა წარადგინონ. მასში პრევენციული ღონისძიების მიზანი, მისი მიღწევის საშუალებები და განხორციელების ვადები, ასევე, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები მკაფიოდ უნდა ჩანდეს.
გამარჯვებული პროექტის ავტორები საქართველოს პროკურატურაში ერთთვიან პრაქტიკას გაივლიან. ამავე დროს, მათ პროექტის განხორციელების და იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

















