აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ დღეს ბათუმში გაკეთებული განცხადებები საქართველოს
ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. ამის შესახებ „ნიუსპრესთან“ საუბარში პოლიტოლოგმა, ექსპერტთა კლუბის წევრმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა.
აქვე, ცისკარიშვილმა მიუთითა, რომ, ყველაფერი მსმენელზეა დამოკიდებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ შემჩნეული არ არის რჩევების გაზიარებაში, რომელიც მისი უკიდეგანო ბატონობის შესაძლებლობას ზღუდავს. ამდენად, ჩვენი ხელისუფლება მის ცნობიერებაში მხოლოდ მენტალური ცვლილების შემთხვევაში შეძლებს კლინტონის განცხადებების პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ სხვა შემთხვევაში საზოგადოება „მგლის თავზე სახარების კითხვის“ მოწმე გახდება.
ექსპერტმა სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერ გზავნილად მიიჩნია და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს, არასამთავრობო სექტორი საკმაოდ აქტიურად და ეფექტურად საქმიანობს.
„არც ეს გზავნილი მოჰგვრის სიამოვნებას ხელისუფლებას, თუმცა, მას რეალური არასამთავრობო სექტორის საკუთარი აპოლოგეტებით ჩანაცვლების კარგი გამოცდილება აქვს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარია ამაზე აშშ-ს რეაგირება, რომელმაც წლების მანძილზე საკმაოდ დიდი თანხები ჩაყარა წყალში საქართველოს ხელისუფლებისთვის მათი განაწილების მინდობით.
რაც შეეხება ჰილარი კლინტონის განცხადებას - კონფლიქტების მოგვარების აუცილებელობის თაობაზე, ცისკარიშვილმა „ნიუსპრესთან“ აღნიშნა, რომ ამ მხრივ დღეისთვის არსებული ჩიხური სიტუაცია ამერიკის ინტერესებში არაა, საქართველოს ხელისუფლებისთვის კი, მისაღებია.
მისი თქმით, მას ამაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების სიჯიუტე აფიქრებინებს.
„ეს არის კომუნიკაციის აღდგენის სურვილის არ ქონა, რაც გვაფიქრებინებს, რომ გარდა რუსეთისა, რომელიც ასეთი უმოქმედობითაა დაინტერესებული, საქართველოს ხელისუფლებაც უფრო მშვიდად გრძნობს თავს, როცა არ აქვს არანაირი ვალდებულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის დამყარებისა“-აღნიშნა მან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით თავისი ამგვარი მიდგომით, შეერთებული შტატები საქართველოზე მეტად შეწუხებული ჩანს.

















