აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ოპოზიციური პარტიების საუბრის მთავარ თემას ქვეყნის უსაფრთხოება წარმოადგენდა.
ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ, იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო ნათელი მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად, უნდა ვიცოდეთ კიდევ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს - “ განაცხადა ქდმ-ს ლიდერმა.
მისივე თქმით, კლინტონთან საუბრის მნიშვნელოვანი თემა იყო ასევე არჩევნები, რომელმაც თარგამაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განსაზღვროს.
„როგორც ქალბატონმა კლინტონმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა და ალბათ, საჯაროდაც იტყვის, არ არსებობს არანაირი გარანტია დემოკრატიულ ქვეყნაში იმისა, რომ ვიღაც კონკრეტული გაიმარჯვებს, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს თანაბარი საარჩევნო სივრცის და თანასწორობის გარანტიები“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, კლინტონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

















