კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით,
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მრავლისმეტყველი კომენტარი გააკეთა.
„მან თქვა, რომ როგორც იცის, მთელ მსოფლიოში არჩევნებში მონაწილოების საკითხი პირის მოქალაქეობას უკავშირდება. ასე რომ, მისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო და ცალსახა იყო“-განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკმაოდ კარგად და ობიექტურად იყო ინფორმირებული, რაც საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სხვა წარმომადგენლების დამსახურებაა.
მისივე განმარტებით, კლინტონმა ოპოზიციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით აღელვებთ.
უსუფაშვილის განმარტებით, საუბარია მედიაგარემოს ხელისუფლების მიერ მონოპოლიზებაზე, სასამართლოში არსებულ სერიზულ პრობლემებზე, ასევე ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებზე.
„კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის სტრუქტურები ამ საკითხებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობენ და ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებენ“ - განაცხადა მან.
უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი არჩევნების თემასაც შეეხო, ოპოზიციამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ქართველი ხალხის არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხი დააყენა.
„კლინტონმა თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან გრძელვადიანი დამკვირვებლებიდან დაწყებული მიმდინარე მონიტორინგით დასრულებული, ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება“-აღნიშნა მან.
უროგორც უსუფაშვილმა განმარტა, შეხვედრაზე კლინტონმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მომავალ არჩევნებში აშშ მხარს არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს დაუჭერს, რაც უსუფაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური ძალისთვის სრულიად მისაღები ფორმულაა.
მისივე თქმით, საუბარი ნატოში გაწევრიანებასაც შეეხო, რაზეც სრული ერთსულოვნება დაფიქსირდა.
„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ აშშ-ს მათი პოლიტიკისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, თუმცა, აღვნიშნეთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა დემოკრატიული ინსტიტიუტების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც უფრო დაგვაახლოებდა ნატოსთან“-განაცხადა მან.
„რესპუბლიკელების“ ლიდერის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ყველა აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილეს, ამიტომ შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

















