აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული საქართველოში მედიასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და
ზოგადად ქვეყანაში არსებულ შიშის ფაქტორის შესახებ.
ეს განცხადება ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძე გააკეთა.
მისი თქმით, ჰილარი კლინტონთან შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, რაც, მისი აზრით, სახელმწფო მდივნის მხრიდან არსებულ დიდ ინტერესზე მეტყველებს ოპოზიციასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე.
„ვთქვი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩვენების სამართლიან და მაშვიდობიან გარემოში ჩატარება, რათა მივიღოთ პრავალპარტიული სისტემა ერთპარტიულის ნაცვლად. ეს ეხება, როგორც დღევანდელ მმართველ პარტიას ისე „ქართულ ოცნებას“, რომლის ლიდერიც აცხადებს, რომ მისი მიზანია კონსტიტუციური უმრავლესობის აღება“ - განაცხადა „მემარჯვენეების“ ლიდერმა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხებს თუ რა არის გასაკეთებელი ყველა პოლიტიკური ძალისთვის მედიის თანაბრად ხელმისაწვდომობისთვის, ასევე, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და უწყებათაშორისმა კომისიამ რეალურად იმუშაოს.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, მან კლინტონს აუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - იცოდეს რეალურად რა უნდა გააკეთოს ნატო-ში გასაწევრიანებად.
როგორც მან კლინტონთან შეხვედრაზე აღნიშნა, ძალიან დიდი საფრთხეა რუსეთის მხრიდან, რომლისთვისაც, მისი თქმით, ესეც გარკვეული გზავნილია, რომ საქართველო, შესაძლოა, ალიანსის წევრი გახდეს.
„კლინტონი ზედმიწევით იყო საქმის კურსში დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის მედიასთან მიმართებაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და ზოგადად იმ შიშის ფაქტორზე, რომელიც ქვეყანაშია“ - განაცხადა „მემარჯვენეების“ ლიდერმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან მზაობა დაფიქსირდა, რომ ის და ამერიკის მთავრობა მზად არიან კონკრეტული წინადადებებით მიმართონ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, რათა მათ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
მისი თქმით, კლინტონმა ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ მომავალ არჩევნებზე არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და, რომ მის არჩევანს უნდა დაემორჩილოს ყველა. მისივე თქმით, ასეთია ამერიკის პოზიცია და ის ამ პოზიციიდან არ გადაუხვევს.

















