საქართველოს უახლოეს დღეებში ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან, 12-13 ივნისს კი - თბილისში ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ემონ გილმორი ჩამოვა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გილმორი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ამასთან, მანჯგალაძის შეფასებით, გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის დიალოგის გახსნა, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროცესის დასაწყისია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ.
„პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც მოლაპარაკებების შედეგად წარმოიქმნება, შესაბამისი პასუხისმგებლობით შეასრულოს“-აღნიშნა მანჯგალაძემ.

















