ამერიკას და საქართველოს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ და ამ ორ ქვეყანას ერთად ბევრი რამის გაკეთება შუძლია.
ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის მესამე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
როგორც კლინტონმა განაცხადა, იანვარში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამ სფეროში ურთიერთობების გაღრმავების ვალდებულება აიღეს, ეს არის - ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად, მოდერნიზაცია და საქართველოს ჯარების ტრენინგი და აღჭურვა, რათა, მისი თქმით, მათ ეფექტურად იმსახურონ ავღანეთში ISAF-ის ფარგლებში, ასევე, გაუმჯობესდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მიღწეულ იქნას ნატო-სთან ფუნქციონალური თავსებადობა.
„დღეს ნაშუადღევს გამოვაცხადებ საჭირო მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად. საქართველო ამერიკას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების დაცვაში ეხმარება, ერთად ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
როგორ კლინტონმა აღნიშნა, ჩიკაგოში ალიანსის სამიტზე ითქვა, რომ საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს არა წევრი ქვეყნებიდან, ავღანეთში ISAF-ის მისიაში.
„საქართველომ ნატო-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლა დმთავარი ნაბიჯები გადადგა“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ ამაში შედის დემოკრატიული ღირებულებები. მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ალიანსის გაფართოების შესახებ და საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

















