საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომა ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ უკვე დაიწყო.
სესია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გახსნეს.
გილაურმა ქარტიის ფარგლებში სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი საქართველოსთვის სამი ნიშნით გამოირჩევა.
„პირველი ის არის, რომ ამჟამად საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავია. მეორე - ვაშინგტონში ჩატარებული ორი წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ქარტიის ომნიბუსის შეხვედრა პირველად იმართება საქართველოში და ბოლო მესამე ნიშანი - ეს არის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი ბათუმში“- აღნიშნა გილაურმა.
მისი თქმით, ეს ვიზიტი გარკვეულწილად ხაზს უსვამს აშშ-ს საქართველოში განხორციელებული რეფორმების ტრანსფორმირების აღიარებასა და მხარდაჭერას. როგორც გილაურმა აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის შედეგად დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს იქმნება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდება და მოქალაქეთათვის მაღალი კლასის სერვისების მიწოდება ხდება.
გილაურის განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ძირითადი ჩარჩოა ორ დემოკრატიას შორის და ქვეყნების შორის ურთიერთობების ყველა მიმართულებით პლატფორმას წარმოადგენს.
„ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ შეერთებული შტატების მიერ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთილიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხდომაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

















